[ექსკლუზივი] “ვფიქრობ, ევროპაში სათამაშოდ მზად ვარ” – ინტერვიუ ირაკლი აზაროვთან

[ექსკლუზივი] “ბასილაშვილი სეზონისთვის ჯოკოვიჩთან ერთად ემზადება”
დეკემბერი 13, 2021 19:39
“ქუთაისს ახალი სტადიონი სჭირდება” – შოთა არველაძე
დეკემბერი 13, 2021 22:12

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდა. ზედიზედ ორჯერ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, შავი ზღვისპირელები ნანატრ საჩემპიონო ფარს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.

გია გეგუჩაძეს კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს და სწორედ ამან განაპირობა წარმატება. თუმცა ბათუმელთა რიგებში იყო რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, რომლებსაც მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ და საჭირო მომენტში შეეძლოთ თამაშის საკუთარ თავზე აღება.

ერთ-ერთი მათგანი 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვია, რომელიც ბათუმელებმა სეზონის სტარტზე თბილისის დინამოდან დაიმატეს. აზაროვს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა, ის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, ბოლო პერიოდში კი მის მომავალს აქტიურად უკავშირებენ ტრაბზონს.

Qomagebi.ge-მ აზაროვთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ვესაუბრეთ როგორც გასულ სეზონზე, ისე მის სამომავლო გეგმებზე. პირველ რიგში კი მის ყოფილ კლუბზე ვკითხეთ…

– “თბილისის დინამოში ძალიან კარგი პერიოდი გავატარე. იქ გავიზარდე და ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი, ბევრი მასწავლა ამ კლუბმა და ყოველთვის დინამოს მადლიერი ვიქნები”.

– როდის გაჩნდა ბათუმის დინამოს ვარიანტი და რატომ გადაწყვიტე კარიერის ამ კლუბში გაგრძელება?
– დინამოსთან ახალ კონტრაქტზე ვსაუბრობდით, მაგრამ პირობებზე ვერ შევჯერდით. პარალელურად, იყო ინტერესი ბათუმიდან და დაუფიქრებლად დავთანხმდი ამ წინადადებას. ბათუმელი ვარ და მინდოდა, ჩემი ქალაქის გუნდში მეთამაშა. ოჯახიც აქ მყავს და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც ეს იყო.

– რამდენად რთული იყო ადაპტაციის პერიოდი?
– არ გამჭირვებია, რადგან ჩემი ძველი გუნდელებიც დამხვდნენ აქ და ადვილად გავიარე. ყველამ თბილად და ძალიან კარგად მიმიღო, შესაბამისად, ამის ფონზე ყველაფერი გამიმარტივდა.

– ფაქტია, ბათუმის დინამო ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა. შენი აზრით, რის ხარჯზე მოხერხდა ეს ყველაფერი?
– მთელი სეზონის განმავლობაში გუნდში ძალიან კარგი გარემო სუფევდა. ერთმანეთთაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ყველას გვჯეროდა ერთმანეთის და ესაა მთავარი მიზეზი იმ ყველაფრის, რაც შევძელით.

– გზა ჩემპიონობამდე…
– დაძაბული და საინტერესო იყო. თავიდანვე მიზნად ჩემპიონობა და ისტორიის დაწერად დავისახეთ. მოვახერხეთ კიდეც!

– ბათუმელ გულშემატკივარზე ბევრი ითქვა და დაიწერა. შენ რას გვეტყვი მათ შესახებ?
– ბევრი რამის თქმა შემიძლია მეც. ამ ხალხმა ჩვენს გაჩემპიონებაში უდიდესი როლი ითამაშა. ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ: ჭირშიც, ლხინშიც… ბათუმში თამაში საოცარი იყო – ასეთი გარემო არა თუ საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქალაქშიც იშვიათია. მინდა, ამ ყველაფრისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო.

– რა არის ამ ფორმაციის დინამოს მაქსიმუმი?
– მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში კლუბი დასახულ მიზანს მიაღწევს.

კლუბს გია გეგუჩაძის სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. ბევრი რამ მასწავლა და მადლობა ნდობისთვის.

– წელს ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებშიც გამოგიძახა… გაიხსენე ის დღე, ემოციები.
– იმ დღეს ემოციებს ვერ ვმალავდი. საოცარი გრძნობაა, როდესაც იგებ, რომ შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით მოგიწევს თამაში. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, ამასთანავე, უდიდესი მოტივაციაც…

ვილი სანიოლს კარგი ურთიერთობა აქვს ყველა ფეხბურთელთან, ადვილად შემოდის კომუნიკაციაში და ეს გუნდისთვის ერთ-ერთი დიდი პლუსია.

– ბევრი იწერება ტრაბზონში შესაძლო ტრანსფერზე. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
– შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინტერესი ზაფხულშიც იყო და ახლაც არის, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება.

– თავად როგორ თვლი, მზად ხარ კარიერის ევროპაში გაგრძელებისთვის?
– ვფიქრობ, უკვე მზად ვარ და შემიძლია ევროპაში თამაში.

Share