“ვეცდებით, საქართველო ამაყად წარმოვაჩინოთ მსოფლიო ჩოგბურთის რუკაზე” – ინტერვიუ კაპიტანთან

“ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, წარუმატებლობა იქნება” – ავთანდილ ასათიანი
დეკემბერი 14, 2021 16:12
[ექსკლუზივი] “რთული დრო იყო… დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ არასდროს შემეცვლება!”
დეკემბერი 14, 2021 20:13

2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ATP CUP-ზე მიიღებს მონაწილეობას. ეს 2020 წელს შექმნილი სანაკრებო საჩოგბურთო ტურნირია, რომელზეც ნაკრებები მათი საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით კვალიფიცირდებიან.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერია, აქედან გამომდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგად ჩვენი ნაკრების მეტოქეები არგენტინის, პოლონეთის და საბერძნეთის ნაკრები გუნდები იქნებიან. შეხვედრები პირველ, სამ და ხუთ იანვარს გაიმართება.

საქართველოს სახელით ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, საბა ფურცელაძე და ზურაბ ტყემალაძე იასპარეზებენ.

მოახლოებულ ტურნირთან დაკავშირებით Qomagebi.ge საქართველოს ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს დაუკავშირდა. ვკითხეთ ტურნირის მიზნებზე, მოლოდინებსა და მოსამზადებელ ეტაპზე.

– საქართველოს ნაკრები ტურნირზე მეორედ იასპარეზებს. პირველ შემთხვევაში 3-დან 1 მატჩი მოვიგეთ. რას გვეტყვით იმ გამოცდილებაზე და ისტორიულ ტურნირზე, რომელიც 2020 წელს გაიმართა?
– პირველი ტურნირის გამოცდილება ძალიან უნდა დაგვეხმაროს. ისეთ გუნდებთან გვიწევს ასპარეზობა, რომ ფავორიტებად არც ერთთან მივიჩნევით,  თუმცა არ გამოვრიცხავ და ვიმედოვნებ, რომ ნიკოლოზი ყველა ერთეულთა თანრიგის შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს და ნაკრების სხვა წევრებიც ცდას არ დააკლებენ გამარჯვებისთვის.

– როგორ მიდის ტურნირისთვის მზადება?
– ჩვენი შემადგენლობა მოახლოებული ტურნირისთვის შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურია. მოთამაშეებს ამ ეტაპზე ტრავმები არ აწუხებთ, ყველა მათგანი საკმაოდ კარგ ფორმაშია და განაგრძობენ მზადებას, რომ საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ ATP CUP-ს.

– მიუხედავად იმისა , რომ  ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოახერხებს კვალიფიცირებას, რას ფიქრობთ, რა უნდა იყოს ნაკრების მთავარი მიზანი? პროგრამა მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, მაგრამ პროგრამა მინიმუმი?
– ჩვენი მიზანი უპირველესად ჯგუფში მინიმუმ ერთი გამარჯვება იქნება, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დასახული გამარჯვება როგორც მინიმუმ მოვახერხოთ, თუმცა დასაკარგი არაფერი გვაქვს, ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს ასპარეზობა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თამაშით მოვახერხებთ და სენსაციებს შემოგთავაზებთ, რითიც არა მხოლოდ ჩოგბურთის მოყვარულები, არამედ მთელი ქვეყანა ამაყი დარჩება.

– მეტოქეებზეც ვთქვათ… ყველა ნაკრებშია ერთი ისეთი ჩოგბურთელი, რომელიც სხვადასხვა ტურნირებზე ფავორიტად მოიაზრება.
– ამ ტურნირზე სუსტი და ძლიერი ნაკრები არ არსებობს, თითქმის ყველა უმაღლესი და თანაბარი დონის გუნდებია, თუმცა სხვა ჯგუფებთან შედარებით ჩვენი მოცემული ჯგუფი საკმაოდ მისაღებია.

– საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დამსახურებით მოხვდა. როგორ ემზადება ტურნირისთვის და არის თუ არა ახალგაზრდა ჩოგბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია ასეთი გამოცდილების მქონე ჩოგბურთელის გვერდით თამაში?
– ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად იმყოფება სერბეთში, სეზონისთვის ნოვაკ ჯოკოვოჩთან ერთად  ემზადება, შესაბამისად ველოდებით, რომ ნიკოლოზი სეზონს ძალიან კარგ ფორმაში შეხვდება. იქიდან გამომდინარე, როგორ შესანიშნავ აკორდზეც დაასრულა 2021 წელი, ვიმედოვნებ, რომ ნიკოლოზი ეროვნულ ნაკრებში  შესანიშნავ ფორმაში და 100%-ით მოტივირებული იასპარეზებს.

ბასილაშვილის ფაქტორი არა მხოლოდ ნაკრების წევრებისთვის,  ზოგადად ქვეყნის ყველა ჩოგბურთელისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ასეთ ტურნირზე მოხვედრა, როგორიც ATP CUP-ია, ნიკოლოზის დამსახურებაა, შესაბამისად ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. მაქსიმალურად ვეცდებით საქართველოს სახელი ამაყად წარმოვაჩინოთ მსოფლიო ჩოგბურთის რუკაზე.

Share