[ექსკლუზივი] “რთული დრო იყო… დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ არასდროს შემეცვლება!”

“ვეცდებით, საქართველო ამაყად წარმოვაჩინოთ მსოფლიო ჩოგბურთის რუკაზე” – ინტერვიუ კაპიტანთან
დეკემბერი 14, 2021 16:45
🔴 LIVE “სერკლ ბრიუგე” 🆚 “სერენი” – მიქაუტაძე სასტარტოშია!
დეკემბერი 14, 2021 21:29

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. შესარჩევი ციკლის პირველ სანაკრებო ფანჯარაზე ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში უკრაინა 88:83 დაამარცხა, მეორე მატჩი კი ესპანეთის ქალაქ ხეანში ესპანეთთან 61:89 წააგო.

უკრაინასთან მატჩში ითამაშა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ტრავმა მიიღო და, მართალია, ესპანეთში გუნდს გაჰყვა, თუმცა ნაკრებს იქ ვერ დაეხმარა. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ნაკრების კაპიტანს რამდენიმე მატჩი კლუბშიც გაუცდა.

აღსანიშნავია, რომ შენგელია უკრაინასთან მატჩისთვის მოსკოვიდან ჩარტერული რეისით თამაშის წინა დღეს გამოფრინდა. მის გუნდს ევროლიგაში თამაში ჰქონდა ბაიერნთან და ქართველი ფორვარდი ამ შეხვედრის დასრულებისთანავე საქართველოში ჩამოვიდა და კარგი მატჩიც ჩაატარა: მოვიგეთ 88:83, კაპიტანმა კი 16 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

ევროლიგელებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნოემბრის ფანჯარაში არ უშვებენ. შენგელია გამონაკლისია: მას ცსკა-სთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, საქართველოს ნაკრებში უშვებენ.

Qomagebi.ge-მ საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუ ჩაწერა. ვკითხეთ როგორც გასულ მატჩებზე, ისე – მომავალზეც…

– ცსკა-ბასკონიას მატჩით დავიწყოთ… ესპანეთში მატჩის წინ გულშემატკივარი ფეხზე წამოგიდგა. თუ ელოდი ასეთ დახვედრას და რას გრძნობდი იმ მომენტში?
– ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. 6-წლიანი კარიერის შემდეგ, ცოტა რთული იყო იმ მომენტში აღქმა იმის, რომ მოწინააღმდეგე გუნდში ვიმყოფებოდი. რთულია ამ დროს რაიმე სახის მოლოდინი გქონდეს, თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ ასე დამხვდნენ.

ბასკონიადან ტიტულით წახვედი. გამარჯვებულად წასვლა გსურდა თუ უბრალოდ ასე დაემთხვა? გუნდს ტიტული რომ ვერ მოეგო, შედგებოდა თუ არა ტრანსფერი?
– პირველივე დღიდან ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ამ გუნდისთვის და ქალაქისთვის ტიტული მომეტანა. ალბათ ამისთვის იმაზე საუკეთესო მომენტი ვერ იქნებოდა,  თუ არა ბოლო თამაშით ამ ოცნების ახდენა. რთულია თქმა რა მოხდებოდა, რომ ვერ მოგვეგო..

– ცსკა-ში ესპანეთის ჩემპიონის სტატუსით მიხვედი. ახალ კლუბში პირველი მატჩები მთლად კარგი ვერ იყო, შემდეგ კი ეტაპობრივად შედეგიანობამ იმატა. ახალ გუნდთან შეჩვევა გაგიჭირდა თავიდან?
– თავიდან იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე ველოდი. რთულია ამდენი წელი ერთ გუნდში იყო, სადაც ყველაფერი შენს ირგვლივ ტრიალებს და უცბად გამოიცვალო ადგილმდებარეობა. ამას დაემატა ისიც, რომ პირველივე თამაშზე მე-3 წუთზე მივიღე ტრავმა, რამაც ცოტა კიდევ უკან დამხია, მაგრამ საბოლოოდ ყველანაირად შევეცადე, რაც შეიძლება სწრაფად გამევლო ადაპტაცია.

– ცსკა-ში ტრანსფერს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოყვა. ბევრმა გაგაკრიტიკა, ქვეყნის პრეზიდენტმაც კი… თავად რას გრძნობდი იმ დროს? როგორ გაუმკლავდი წნეხს?
– მოკლედ ვიტყვი: ადვილი არ ყოფილა ეს პერიოდი ჩემთვის. სხვების რეაქციაზე ამჯერად არ ვისაუბრებ. ერთი რამ, რაც დაზუსტებით ვიცი არის ის, რომ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა და არასდროს შეიცვლება ჩემი ქვეყნის მიმართ.

– უკრაინასთან მატჩი მოვიგეთ, ხოლო სტუმრად ესპანეთთან დიდი ანგარიშით წავაგეთ. როგორ შეაფასებ ამ ორ მატჩს? თითქოს ორი განსხვავებული ნაკრების მატჩი ვიხილეთ…
– ბევრი ფაქტორი იყო, რისი დასახელებაც შეიძლება. მთავარი ალბათ ისაა, რომ სახლში ჩვენი მაყურებლის წინაშე თამაში სულ სხვა მოტივაციას და ენერგიას გვაძლევს, ვიდრე ეს სტუმრად ხდება, თუმცა ეს მომენტიც უნდა გადავლახოთ და შევეცადოთ გასვლაზეც ანალოგიურად ვითამაშოთ. ერთ რამეში კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ყველა თამაშზე 1000%-ით იხარჯებიან!

– უკრაინასთან მატჩის დროს ტრავმა მიიღე… შემდეგ თამაში გააგრძელე, თუმცა ესპანეთში ვეღარ ითამაშე. გამოტოვე ცსკა-ს რამდენიმე მატჩიც. ამ ეტაპზე თავს როგორ გრძნობ?
– უკრაინასთან თამაშის შემდეგ ფეხი საკმაოდ გამისივდა და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არც ისე მსუბუქ ტრავმასთან გვქონდა საქმე. ძვალი იყო საკმაოდ დაზიანებული და კიდევ ცოტა უფრო მეტი დატვირთვით შეიძლებოდა მოტეხილობასთანაც გვქონოდა საქმე, ამიტომ ექიმების რჩევით შემდეგი თამაშების გამოტოვება მომიწია.

– უკრაინასთან შენს სახელს დარბაზში მყოფი გულშემატკივარი მატჩის დროს რამდენჯერმე სკანდირებდა. რას ნიშნავს შენთვის აქ, ამ გულშემატკივრის წინ თამაში და ზოგადად, ნაკრების კაპიტნობა?
– ერთი სიტყვით ვიტყვი – ყველაფერს!

– წინ ევრობასკეტია… რა იქნება საქართველოს ნაკრების მიზანი და მაქსიმუმი იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია?
– ის ფაქტორი, რომ თბილისში ჩატარდება ჯგუფური ეტაპი ძალიან უნდა დაგვეხმაროს! პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია ამ ეტაპზე. იმედი მაქვს, ყველა ჩვენგანი სათანადოდ შევხვდებით ამ ტურნირს და გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს!

– საინტერესო იქნება შენი კომენტარი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსზე. როგორი მწვრთნელია, როგორ დაახასიათებ მას, მის მუშაობას…
– კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან პროფესიონალია და იცის რას აკეთებს. რაც ყველაზე ძალიან მომწონს მასში არის ის, რომ მისი ეროვნებიდან გამომდინარე მაინც თავიდან ბოლომდე, სულით და გულით არის ჩართული ამ საქმეში – მისი სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან იგრძნობა.

– და ბოლოს, თორნიკე შენგელიას გზავნილი „ქართული სპორტის ქომაგებთან“ – რას ეტყვის მათ საქართველოს ნაკრების კაპიტანი?
– მადლობას გადავუხდი მათ ჩვენი ნაკრების სახელით. იცოდეთ, საოცრად ამაყები ვართ, რომ თქვენნაირი გულშემატკივარი გვყავს ტრიბუნებსა და ტრიბუნებს მიღმა.

Share