დღეს, 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა.
გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, ვის წინააღმდეგაც საქართველოს ნაკრებს მოუწევს თამაში. საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ ერთა ლიგის C დივიზიონში მესამე კალათაში იმყოფებოდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.
ბულგარეთის ნაკრების თავკაცმა იასენ პეტროვმა ჯგუფი შეაფასა და საკუთარი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
“ჩემთვის ეს ჯგუფი დამაკმაყოფილებელია. არცერთი მეტოქის სათანადოდ არშეფასება არ შეიძლება, ჩვენ ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. კმაყოფილები ვართ და ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.
თითოეულ მეტოქეს პატივს ვცემთ და ყველას პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ზედიზედ ოთხი თამაშის ჩატარება ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და ბედნიერ დღესასწაულებს ვუსურვებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ. წარმატებული იყოს 2022 წელი – ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნება. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ ყველა ბულგარელს“, – განაცხადა იასენ პეტროვმა.