ერთა ლიგა და კარგად ნაცნობი მეტოქეები – ყველაფერი საქართველოს ჯგუფზე

VIDEO ნიკა კვეკვესკირის საოცარი სილამაზის გოლი
დეკემბერი 19, 2021 18:54
“ხვიჩა ევერტონში? შესაძლებელია, იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ” – კანჩელსკისი
დეკემბერი 19, 2021 21:04

რამდენიმე დღის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის წილისყრა ჩატარდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები C დივიზიონის D ჯგუფში ბულგარეთის, გიბრალტარის და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის, ჯგუფური ეტაპის მატჩები 2022 წლის ივნისიდან – სექტემბრამდე გაიმართება, პლეი-ოფის მატჩები კი 2024 წელს შედგება.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკებს ჯგუფში მოხვედრილი მეტოქეების წინააღმდეგ:

გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ოთხი მატჩი აქვს გამართული. ოთხივე შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა: “ჯვაროსნებმა” სხვადასხვა დროს გიბრალტარი ( 3:0, 4:0, 3:0, 3:2) დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ნაკრებები ერთმანეთს ყოველთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრების თანაბომბარდირები ორ-ორი გოლით თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა და მათე ვაწაძე არიან.

რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელიც ჩვენს ჯგუფში მეორე ნომრად არის განთესილი, ქართველი ფეხბურთელები მაკედონიას ისტორიაში სამჯერ დაუპირისპირდნენ, სამივე მატჩი 2020 წელს გაიმართა. ორი შეხვედრა, რომელიც ერთნაირი ანგარიშებით (1-1) დასრულდა, ერთა ლიგის გასული სეზონის ეგიდით გაიმართა. მესამე და ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე გულდასაწყვეტ მატჩში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ეგიდით თბილისში შედგა, გორან პანდევის ერთადერთი გოლით დავმარცხდით. მაშინ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მატჩი გულშემატკივრის გარეშე გაიმართა – საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიელებმა ითამაშეს.

შეხვედრები, რომლებიც გიბრალტარის და მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ გავმართეთ ბოლო წლებს უკავშირდება, ხოლო ბულგარეთთან ჯვაროსნებმა პირველად 1994 წელს ითამაშეს.

1994 წლიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრებს ბულგარეთის წინააღმდეგ 6 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც “ჯვაროსნებმა” ერთი მოიგეს (2-1), ოთხ შეხვედრაში დამარცხდნენ (0:2, 2:6, 2:6, 1:4), ერთი შეხვედრა კი უგოლო ფრით დასრულდა.

ისტორიული გამარჯვება ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა 1995 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა. მაშინ საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს. იმ დროინდელ ბულგარელთა შემადგენლობაში ძალიან ცნობილი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ. იმ ნაკრებმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებისთვის ბულგარეთთან დაპირისპირება ორ შემთხვევაში პოსტის დატოვებით დასრულდა: 2005 წელს ვასილი ლევსკიზე 2-6 განადგურების შემდეგ ჯვაროსნების თავკაცის პოსტი გაიოზ დარსაძემ დატოვა, ხოლო 2009 წელს ამავე ანგარიშით მარცხს ექტორ რაულ კუპერის თანამდებობა შეეწირა.

საქართველოს ნაკრებს მომავალ მეტოქეებთან ჯამში 13 მატჩი აქვს გამართული – აქედან 5 ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, 5 შეხვედრაში დავმარცხდით, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 13 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გატანილი აქვს 21 გოლი, ხოლო საკუთარ კარში 23 ბურთი მიიღო.

Share