სწავლა ფეხბურთის პარალელურად – ინტერვიუ ნიკა ჭანტურიასთან

საქართველო ყირგიზეთთან დამარცხდა
დეკემბერი 21, 2021 19:23
თბილისის დინამომ ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
დეკემბერი 21, 2021 20:20

დღევანდელ რეალობაში იშვიათია, როცა აქტიური კარიერის პარარელურად ფეხბურთელი სწავლას დროს უთმობს.

18 დეკემბერს საგანმანათლებლო პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა.

აღნიშნული კურსი გაიარა 26 წლის ფეხბურთელმა ნიკა ჭანტურიამ, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა, იყო თბილისის დინამოს კაპიტანი, თამაშობდა ტორპედოში, ლოკომოტივში, შუქურაში…

ეროვნული ლიგის გასული სეზონი ჭანტურიამ სწორედ შუქურაში გაატარა. სეზონი წარუმატებელი გამოდგა: კლუბი ეროვნული ლიგიდან გავარდა, თავად ნიკამ კი გუნდი დატოვა და ახალი ვარიანტების მოლოდინშია.

როგორც გვითხრა, შემოთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ არ იცის, სად დაიწყებს სეზონს. 26 წლის მცველს რამდენიმე კითხვა სწორედ კარიერასა და წარმატებით დასრულებულ კურსზე დავუსვით.

– მილოცვით უნდა დავიწყოთ – სერთიფიკატი აიღე ფეხბურთის მენეჯმენტში. საინტერესოა, რამ გადაგაწყვეტინა ფეხბურთის თამაშის პარალელურად მენეჯმენტის სწავლა?
– მქონდა დრო და შესაძლებლობა, განსაკუთრებით პანდემიის დროს, რომ თამაშის პარარელურად კონკრეტული კურსი გამევლო და ამიტომ გადავწყვიტე დრო უქმად არ დამეხარჯა. ბიძგი და მოტივაცია კი მეუღლემ მომცა. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი სწავლება გამოვიდა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ წლების შემდეგ, როცა კარიერას დაასრულებ, ფეხბურთში გსურს დარჩენა. კონკრეტულად რა მიმართულებით გეგმავ მუშაობას?
– რაც ჩემი თავი მახსოვს სულ ფეხბურთში ვარ. კონკრეტულად რა იქნება მომავალში, ამას ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ ვფიქრობ, სანამ კარიერას დავასრულებ მსგავსი ტიპის კურსები მომცემს იმის საშუალებას, რომ გავერკვე საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. ამის შემდეგ, გადავწყვეტ კონკრეტულად რა მსურს, მაგრამ ჯერ იქამდე შორია.

– ფეხბურთის თამაშის პარალელურად განათლების მიღება დღეს იშვიათობაა…
– სპორტსმენების უმრავლესობა ყოველთვის ფიქრობს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ აქტიურ სპორტში დარჩეს, თუმცა რთულია, როდესაც კარიერის დასრულების შემდეგ იწყებ ამ ყველაფერზე ფიქრს. ვფიქრობ, რაღაც ეტაპები წინასწარ უნდა გაიარო, რომ შემდეგ ამ ყველაფერს და ახალ ცხოვრებას მომზადებული შეხვდე შესაბამისი ცოდნით.

– საკლუბო კარიერის მხრივ წარმატებული სეზონი ვერ გამოვიდა. რამ განაპირობა შუქურას ეროვნული ლიგიდან გავარდნა?
– ეს წელი ნამდვილად წარუმატებელი იყო იმ კუთხით, რომ გუნდმა ვერ მოახერხა ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება. არადა ამის რესურსი ნამდვილად იყო და ვთვლი, რომ შეეძლო ამ გუნდს უფრო მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა, თუმცა ასე არ გამოვიდა. იყო საკმაოდ ბევრი სერიოზული პრობლემა გუნდში, რამაც უკვე სეზონის მიმდინარეობისას თავი იჩინა, მაგრამ ამ ყველაფერზე საუბარი ვთვლი, რომ ახლა უადგილოა და ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

– ახლა თავისუფალი აგენტი ხარ… თუ გაქვს უკვე კონკრეტული შემოთავაზებები?
– კი, მოგეხსენებათ ,თავისუფალი აგენტი ვარ და შესაბამისად, რამდენიმე გუნდიდანაც არის ინტერესი, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი.

– ერთა ლიგის წილისყრის შეფასებაც უნდა გთხოვოთ…
– ჩემი აზრით, ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ კვლავ გავიდეთ ერთა ლიგის ფინალში და ამჯერად გავიმარჯვოთ. წინ რთული თამაშები გველის, მაგრამ მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად იყოს და დარწმუნებული ვარ, შედეგს მივაღწევთ. კალენდარიც საკმაოდ მისაღებია და ჩრდილოეთ მაკედონისთან აუცილებლად რევანში უნდა ავიღოთ!

Share