ეროვნული ლიგა 2021: ახალი ჩემპიონი, გურამ კაშია, ტრანსფერი ვალენსიაში…

“დაბრუნებას არ გამოვრიცხავ” – კაჭარავა ისევ სამტრედიაში?
დეკემბერი 23, 2021 17:05
ლაშა შინდაგორიძე “საბურთალოში” დაბრუნდა
დეკემბერი 23, 2021 21:28

2021 წელი სრულდება. დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის წლევანდელი გათამაშებაც. ვერ ვიტყვით, რომ ეს ეს სეზონი წინებისგან დიდად გამორჩეული იყო, თუმცა ეს არ ეხება ყველას.

ბათუმის “დინამომ” ორწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოგება სწორედ ამ სეზონში მოახერხა. აჭარულ გუნდს საკმაოდ დიდი ამბიციები გააჩნია და მოცემულ სიტუაციაში, მათი სატრანსფერო პოლიტიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ახალ სეზონში კიდევ უფრო მძლავრი გუნდით წარდგებიან. ასევე, მათი ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლის სურვილიც დიდი ალბათობით მხოლოდ “სადღეგრძელოდ” არ დარჩება, ჩვენ ხომ მხოლოდ ამის გამოცდილება გაგვაჩნია…

ზედიზედ ორჯერ  ჩემპიონი თბილისის “დინამო” ამჯერად ვერცხლის მედლებს და კონფერენსლიგის საგზურს დასჯერდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ახალი ეტაპი იწყება, კახა ცხადაძე თავისი გემოვნებით, საკუთარი შემადგენლობის შეკრებას მხოლოდ ახლა დაიწყებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელისგან, სავარაუდოდ, ახალ სეზონში ისევ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს უნდა ველოდოთ.

დასრულებულ სეზონში გულშემატკივართა დიდ სიმპათიას იმსახურებდა ანდრეი დემჩენკოს გორის “დილა”. შიდაქართლელებმა წინა სეზონის მსგავსად მესამე ადგილი დაიბევეს და კვლავაც კონფერენსლიგაზე ითამაშებენ. უნდა ვივარაუდოთ. რომ ახალ სეზონში ამ გუნდის ამბიცია კვლავაც საუკეთესოთა შორის ადგილის დაკავება იქნება.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი 2019 წლის შემდეგ, ისტორიაში მეორედ მოიგო თბილისის “საბურთალომ” – ამჯერად ლევან კორღალიძის მეთაურობით. ფინალი ქუთაისში წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ შედგა, რომელიც მიჯრით მეორედ იყო ფინალში, თუმცა ამჯერადაც დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი საბურთალოს ნახევარმცველმა იური ტაბატაძემ გაიტანა. სწორედ ამ ტიტულის ხარჯზე, საბურთალოც კონფერენსლიგაზე წარადგენს საქართველოს.

ეროვნული ჩემპიონატი უშანსოდ დატოვა “სამტრედიამ”, რომელიც კვლავაც დიდი ამბიციებით დაბრუნდა, თუმცა პირველივე სეზონში უშანსოდ დაემშვიდობა რანგით უმაღლეს ლიგას. ელიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და საუკეთესოთა შორის დაბრუნდა ბოლნისის “სიონი”: ვარლამ კილასონიას დაწყებული საქმე ბოლომდე გიორგი დარასელიამ მიიყვანა. გამოცდილი სპეციალისტის შეგირდებმა 81 ქულა დააგროვეს, უახლოეს მდევარ “გაგრას” ექვსი ქულით გადაასწრეს.

რაც შეეხება პლეი-ოფებს, 10-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა გაგრაც. პირველი მატჩი ქობულეთის “შუქურასთან” „ჩელე არენაზე“ ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ გაგრას 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო მე-20 წუთზე ლაშა თოთაძე გაუძევეს, მასპინძლებმა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე შედგა, გაგრამ თამაზ მაქაცარიას გატანილი ერთადერთი გოლით გამარჯვების მოპოვება შეძლო. ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა ქუთაისის “ტორპედომ”, რომელმაც გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 2-მატჩიან დაპირისპირებაში მარტვილის “მერანი” დაამარცხა. პირველი მატჩი მარტვილში, მასპინძელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა, ხოლო ქუთაისში საპასუხო შეხვედრაში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საოცარი ატმოსფეროს ფონზე “ტორპედომ”  3:0 მოიგო და ეროვნულ ლიგაში დარჩა.

პოზიტიური ფაქტორები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წელს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ბევრ ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა, რაც გარდა იმისა, რომ ჩემპიონატისა და  ფეხბურთელთა ცნობადობას ზრდის, ფეხბურთელებს ელიგაში თამაშის მოტივაციას აძლევს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის ფასი Transfermarkt.de-ს მიხედვით მილიონ ევროს შეადგენს. რამდენიმე დღის წინ, QOMAGEBI.GE-მ ექსკლუზიურად გაცნობეთ, რომ თურქული “ტრაპზონსპორი” აზაროვში 2 მილიონს იხდიდა, თუმცა აჭარულმა კლუბმა ეს შეთავაზება უარყო. ეს თავისთავად გამოსარჩევი ფაქტია.

თბილისის ლოკომოტივში გამორჩეული ასპარეზობის შემდეგ, ესპანურმა “ვალენსიამ” იჯარის წესით წაიყვანა გიორგი მამარდაშვილი. როგორც ვწერდით “ღამურების” ხელმძღვანელობამ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ესეც ძალიან დადებითი ამბავია და ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის დამატებით მოტივაციას ქმნის.

სტატისტიკური ლიდერები

ევროტურნირები და კვლავაც მხოლოდ გამონათება

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის დინამომ ევროტურნირზე ასპარეზობა უეფას ჩემპიონთა ლიგიდან დაიწყო. პირველ მეტოქედ აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს “ნეფთჩი” ერგო. ჩემპიონი ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 1:2… ამას კონფერენსლიგაზე გადასვლა და ებრაულ ჰაიფას “მაკ აბის” წინააღმდეგ სახლში (1:2), გასვლაზე (1:5) მარცხი მოჰყვა.

დილამ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად 1:5 წააგო. შინ გორელებმა 2,1 მოიგეს, თუმცა…

გაგრას სახით ევროტურნირებზე წელს ლიგა 2-ის წევრი გვყავდა, რომელმაც გასულ წელს საქართველოს თასი მოიგო და კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება ასე მოიპოვა. მონტონეგროს “სუტიესკასთან” გასვლით შეხვედრაში მინიმალური მარცხის (0:1) შემდეგ, სახლის თამაში იმედს ტოვებდა – ბრძოლის მიუხედავად, მხოლოდ 1:1 და თამაზ მაქაცარიას საოცარი გოლი 86-ე წუთზე.

და აი ის გამონათებაც, რომლის როლში ყოველთვის ვიღაც გვევლინებოდა. ბათუმის დინამოს კენჭისყრამ პირველ ეტაპზე, სან-მარინოს “ტრე-პენე” არგუნა. ეს ეტაპი გასვლით შეხვედრაში 4:0 და ბათუმში 3:0 მოგებით მარტივად დაიძლია. ამის შემდეგ მეტოქე გაცილებით სერიოზული იყო: ბელარუსის “ბატემ” ბათუმში თითქოს ლოგიკურად 1:0 გაიმარჯვა, თუმცა ყველაფერი წინ იყო. ბელარუსში მასპინძლები პირველი ტაიმის კონპენსირებულ დროში იაბლონესკიმ დააწინაურა, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. 48-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ამას 59-ე წუთზე ფლამარიონის გოლი მოჰყვა, თუმცა თუ სხვა წლებში ეს საკმარისი იქნებოდა, სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო ეს საკმარისი არ იყო. მატჩის 74-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, 96-ე წუთზე კი, ანგარიში გამანადგურებელი გიორგი ფანცულაიამ გახადა (4:1).

დინამოს მესამე ეტაპზე მეტოქედ თურქული “სივასპორი” ერგო – ყველანაირი რესურსით ბევრად ძლიერი გუნდი. პირველ საშინაო შეხვედრაში ისევ მამუჩაშვილმა გაიტანა, თუმცა თურქებმა მეტოქეზე ზეწოლა გაზარდეს – საოოლოდ, 1:2. წინ ბათუმის დინამო ვეღარ წავიდა.

სატრანსფერო ამბები 

ერთმნიშვნელოვნად მთავარი ამბავი, გიორგი მამარდაშვილის ესპანურ “ვალენსიაში” იჯარით წასვლა იყო.

ასევე, თბილისის დინამო კიდევ რამდენიმე გამორჩეულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა დატოვა. 18 წლის ნახევარმცველი გიორგი აბუაშვილი პორტუგალიურმა “პორტომ” 240 000 ევროს სანაცვლოდ შეიძინა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ჩხეტიანი იჯარის წესით ბრაგას 23-წლამდელთა გუნდში გადავიდა. ერთ-ერთი სარფიანი გარიგება შედგა მოსკოვის “დინამოსთან”: თბილისელებმა ლუკა გაგნიძის ტრანსფერში 1.5 მილიონი ევრო მიიღეს.

რაც შეეხება სხვა გუნდებს, საბურთალოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კოხრეიძე 180 000 ევროს სანაცვლოდ, საფრანგეთის ლიგა 2-ის “გრენობლში” გადავიდა. 21 წლის მცველი გიორგი ჯინჯოლავა 1-წლიანი იჯარით თამაშობს ესპანური “კადისის” მეორე გუნდში.

აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაც. სეზონის სტარტზე კაშიამ ლოკომოტივის მაისურის მოირგო და თბილისურ კლუბში ნახევარი სეზონი გაატარა. სამტრედიაში მივიდა გიორგი არაბიძე…

ეროვნული ჩემპიონატის წლის ფეხბურთელი

მიუხედავად გამორჩეული ფეხბურთელების მუდმივი გადინებისა, მუდმივად ჩნდებიან ისეთი ფეხბურთელები ვისი თამაშიც სასიამოვნოდ ნასიამოვნებს გვტოვებს. QOMAGEBI.GE-მ დასრულებულ სეზონში ასეთი ფეხბურთელად ბათუმის დინამოს 19 წლის უნივერსალი ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი მიიჩნია. ახალგაზრდა ფეხბურთელი გასაოცარი გამბედაობით და ეფექტურობით გამოირჩევა. მან ეროვნულ ლიგის გათამაშებაში 35 მატჩში სამი გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი ხუთჯერ გაატანინა.

Share