AS: საგანგაშო არაფერია – კონტრაქტი იქნება, მამარდაშვილი კონკურენციისთვის მზადაა

კაჭარავას სიცილი ძვირად დაუჯდა – ქართველი ფორვარდი ახალ კლუბს ეძებს
დეკემბერი 27, 2021 18:11
წლის ერთ-ერთი აღმოჩენა – მიქაუტაძე ბელგიაში გამოარჩიეს
დეკემბერი 27, 2021 19:08

ვალენსია თბილისის დინამოდან გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტს რომ გამოისყიდის, ამაზე რამდენიმე დღის წინ უკვე დავწერეთ.

ესპანურმა კლუბმა დინამოსთან მოლაპარაკებები მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით უკვე დაასრულა და ახლა მოლაპარაკებებს თავა დფეხბურთელთან მართავს.

დღეს მამარდაშვილსა და მის კონტრაქტზე სტატია ისეთმა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ გამოაქვეყნა, როგორც AS-ია.

“ის 21 წლისაა და ჯერ ესპანურად თითქმის არც კი საუბრობს. გიორგი ვალენსიას მეორე გუნდისთვის შეიძინეს, მაგრამ მან თავი ისე წარმოაჩინა, 6 მატჩის შემდეგ ვალენსიამ მისი 850 ათას ევროდ გამოსყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფეხბურთელმა უკვე იცის.

სეზონის სტარტზე რამდენიმე შეცდომის შემდეგ ბორდალასმა ძირითად შემადგენლობაში სილესენი დააბრუნა. იმ მომენტიდან მოყოლებული მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზეა. შეცდომები სილესენმაც დაუშვა და თითქოს იყო შანსი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულიყო, თუმცა შემდეგ ჰოლანდიელმა თამაში გამოასწორა და მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარა.

სათასო მატჩები მოვიდა… მამარდაშვილი ბორდალასმა არც იქ აირჩია. ლა ლიგის პირველი 6 ტურის შემდეგ ყველა ელოდა, რომ თასზე ვალენსიას კარს სწორედ გიორგი დაიცავდა, მაგრამ ბორდალასის გადაწყვეტილებამ კლუბის წევრებიც კი გააკვირვა.

თუმცა საგანგაშო არაფერია. ვალენსიას გადაწყვეტილი აქვს მისი გამოსყიდვა, ბორდალასი კვლავ კარგ მეკარედ თვლის, მამარდაშვილი კი მზადაა ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა გააგრძელოს. მან იცის, რომ მალე კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდება.

კლუბს ორი ვარიანტი აქვს: ან ახლა გადაიხდის 425 ათას ევროს და კიდევ ამდენს მაისში, ან ერთიანად გამოისყიდის მაისში. ცნობილია, რომ მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელი კიდევ 3 წელი იქნება და მისი გამოსასყიდი თანხა 20-დან 30 მილიონ ევრომდე გაიზრდება”, – წერს ესპანური გამოცემა.

გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში 2021/22 წლების სეზონიდან ასპარეზობს. ქართველმა კარის დარაჯმა მიმდინარე ლა ლიგის სეზონში სასტარტოდან 6 შეხვედრა დაიწყო, დანარჩენ ტურებში კი სათადარიგოთა შორის იყო.

შეგახსენებთ, რომ წელს უეფამ 50 გამორჩეულ ტალანტთა სიაში მამარდაშვილიც შეიყვანა.

Share