“ქართველებს ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს – ანორთოსისი არასწორად მოიქცა”

აკაკი ტაბუცაძე ბორჯღალოსნების წლის მელელოვეა
დეკემბერი 30, 2021 17:27
ჭიაბრიშვილი: “მთავრობამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას – ფეხბურთი სხვანაირად ვერ განვითარდება!”
დეკემბერი 30, 2021 18:36

26 დეკემბერს “აპოელსა” და “ომონოას” შორის გამართულ მატჩში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. მატჩს ესწრებოდნენ ქართველი ფეხბურთელები: გურამ კაშია და ნიკა კაჭარავა. ქვილითაიას გატანილი გოლი გურამ კაშიამ ემოციურად აღნიშნა და სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოქვეყნა, სადაც ასევე ჩანს მომღიმარი ნიკა კაჭარავა.

ამ ფაქტს ანორთოსისის გულშემატკივრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ისინი ნიკას გუნდიდან გაშვებას ითხოვდნენ. ასეც მოხდა – კვიპროსულმა კლუბმა კაჭარავასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ამ თემასთან დაკავშირებით გურამ კაშიამ კვიპროსულ მედიასთან ისაუბრა:

“ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად იცით ჩემი კარიერის შესახებ: ვთამაშობდი ჰოლანდიაში, აშშ-ში და ახლა ბრატისლავაში ვთამაშობ, ასევე საქართველოს ნაკრების წევრი ვარ.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და თავისუფალ დროს ყოველთვის ვუყურებ შეხვედრებს. განსაკუთრებით იმ გუნდებს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. როცა შესაძლებლობა მაქვს, მთელ ევროპაში ვმოგზაურობ მათი მატჩების საყურებლად. ასე რომ, ალბათ, გესმით, “აპოელი”-“ომონიას” ყურება ძალიან გამიხარდა, რადგან აპოელში სამი ქართველი ასპარეზობს.

ნიკა კაჭარავას თავისუფალი დრო ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ თამაშზე ერთად წავსულიყავით. უნდა ითქვას,რომ პირველად ვუყურე კვიპროსის ჩემპიონატის მატჩს ტრიბუნიდან და ორივე გუნდის გულშემატკივრის მიერ შექმნილმა ატმოსფერომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჩემმა გულშემატკივრებმა იციან, რომ ემოციებს ძალიან გამოვხატავ. როგორც ადამიანი, ძალიან ემოციური ვარ და გიჟივით აღვნიშნავ, როცა თანაგუნდელი გოლს იტანს.

ჩემს მიერ დადებულ ვიდეოში ვზეიმობ ქვილითაიას გატანილ გოლს, სადაც კაჭარავაც ჩანს. მას ჩემს აღნიშვნაზე ეცინება, რადგან ბავშვივით მიხარია. თავს ძალიან ცუდად და დამნაშავედ ვგრძნობ. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, რომ ჩემს აღნიშვნაზე მისი უწყინარი ღიმილი ასეთ სერიოზულ საკითხად გადაიქცა. ვიდეო კი მალევე წავშალე, მაგრამ გვიანი იყო… ქვილითაიას გოლი ჩემ წინააღმდეგ რომ გაეტანა, გულის სიღრმეში ისიც გამიხარდებოდა. ქართველებს ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს. ვიცი, რომ ანორთოსისში ქართველ ფეხბურთელებს კარგად ექცევიან, მაგრამ მგონია, რომ კლუბმა გადაწყვეტილება ხალხის რეაქციაზე დაყრდნობით მიიღო.

მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა რამდენი წლის წინ, როდესაც ასობით ადამიანი ჩემს ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდა, თუმცა იმ დროს ფედერაცია გვერდით დამიდგა და ნაკრებში თამაში გავაგრძელე. სამწუხაროდ, ანორთოსისი სხვაგვარად მოიქცა.

ნიკას, პირველ რიგში, მოვუბოდიშე და ავუხსენი, რომ მომხდარის გამო თავს ცუდად ვგრძნობდი. ოჯახებით ვმეგობრობთ, მამამისი ჩემი მწვრთნელი იყო. ნიკამ ღირსება იმაშიც გამოავლინა, რომ მომხდარში არც კი დამადანაშაულა და ბოდიში არ მიიღო. მიაჩნია, რომ საბოდიშო არაფერი აქვს. მისი აზრით, ცუდი არაფერი გაუკეთებია და რაღაც ვერ გაიგეს,” – განაცხადა კაშიამ.

Share