“ეს ბავშვობის ოცნებაა, თუმცა ჯერ დასამტკიცებელი ბევრია” – ინტერვიუ იური ტაბატაძესთან

კვლავ ცეცაძესთან ერთად – ტორპედომ მორიგი ტრანსფერი განახორციელა
დეკემბერი 30, 2021 09:48
Sports.ru: “კრასნოდარმა დინამოს 2 მილიონი ევრო შესთავაზა”
დეკემბერი 30, 2021 16:08

2021 წელი სრულდება. წელი, რომელიც საფეხბურთო კლუბ საბურთალოსთვის წარმატებული გამოდგა.

თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, მოიგო საქართველოს დავით ყიფიანის თასი, რითაც ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სეზონის განმავლობაში “საბურთალოს” შემადგენლობაში გამორჩეული იყო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი იური ტაბატაძე – ეროვნული ლიგის  35 თამაშში მან 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

წლის ბოლოს ტაბატაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

– თასის ფინალით დავიწყოთ… გუნდმა სეზონი ტიტულით დაასრულა და ფინალურ მატჩში გადამწყვეტი გოლი შენ გაიტანე.
– ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. ამ დროს ყველაფერი ორმაგად საპასუხისმგებლო: მთელი წლის განმავლობაში ვიხარჯებოდით მაქსიმალურად და, ჩემი აზრით. დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ემოციებიც შესაბამისი იყო.

ორმაგად სასიხარულოა, როდესაც გუნდი შენი გატანილი გოლით მოიპოვებს ესეთ მნიშვნელოვან ტიტულს, ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება.

– სეზონის სტარტი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. მალევეშეიცვალა მწვრთნელი. წლის ბოლოს კიდევ ერთხელ… თუმცა, პრობლემების ფონზე საბურთალომ სეზონი მაინც ტიტულით დაასრულა და ცხადია, წელი დადებითად ფასდება. რის ფონზე მიაღწია გუნდმა ამ წარმატებას?
– ჩემი აზრით, ეს წარმატება ლოგიკური იყო, რადგან მთელი წელი ვშრომობდით, ამიტომ დაგვიფასდა. ჩავარდნას რაც შეეხება, ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს, მთავარია მალევე ვიპოვეთ გამოსავალი და პრობლემები გამოვასწორეთ.

– ლევან კორღალიძე და ხვიჩა შუბითიძე – ამ სეზონში ორ მწვრთნელთან მოგიწია მუშაობა. რას იტყვი მათზე?
– ლევან კორღალიძესთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი ძალიან კარგად გავიარეთ, შემდეგ სეზონის მსვლელობისას პატარა ჩავარდნა იყო, გუნდში ხვიჩა შუბითიძე მოვიდა, რომელთანაც სტარტი ასევე ძალიან კარგი გვქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნა კვლავ დაიწყო და გუნდში ისევ  ლევან კორღალიძე დაბრუნდა. ასე ვთქვათ, ერთად დაწყებული ერთად დავასრულეთ.

რაც შეეხება სტილს ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმაციით თამაშობს, სხვას ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ორივე თავის საქმის პროფესიონალია.

–  ეროვნული ლიგის გასულ ორ სეზონში 2-2 გოლი გაიტანე, წელს კი გამორჩეული სეზონი გქონდა და საბურთალოს მაისურით 9 გოლი გაიტანე…
– წინა წლებს რაც შეეხება, სადებიუტო სეზონში სულ რაღაც 8 თამაში ჩავატარე, 2020-ში კი ფლანგის მცველის პოზიციაზე ვითამაშე. ვიტყოდი, რომ წინა ორი სეზონიც ასე თუ ისე ნორმალური გამოვიდა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს მე ვფიქრობ, რომ მოსამზადებელმა პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ამ სეზონზე: კარგად დავიწყე, მეორე  წრეში უკეთესადაც შეიძლებოდა  თამაში. ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი შემეძლო ინდივიდუალური კუთხით წელს, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებდი.

– ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების კარი ეროვნული ლიგის ბევრ ფეხბურთელს გაუღო. შენ ჯერ ქვეყნის მთავარ გუნდში შანსი არ მოგცემია. არის თუ არა შენთვის დამატებითი მოტივაცია ეროვნული ლიგიდან გამოძახებული ნებისმიერი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში?
– რაც შეეხება ვილი სანიოლს და ეროვნულ ნაკრებს, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი, მაგრამ ყოველთვის მზად ვიქნები ჩემი ქვეყნის ნაკრებში სათამაშოდ, ეს ბავშვობის ოცნებაა. ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახება კი რა თქმა უნდა ყველასათვის დამატებითი მოტივაციაა.

– უკვე წლებია ეროვნულ ლიგაში თამაშობ. რას იტყვი ჩემპიონატის დონეზე? რამდენად ვითარდება?
– ეროვნული ჩემპიონატი ყოველ წელს უმჯობესდება და ვფიქრობ, რომ ეს ევროტურნირებზეც მალე აისახება. ჩემი აზრით ეროვნული ლიგის მთავარი პრობლემა  მინდვრის საფარია.

– გამორჩეული სეზონის ფონზე შესაძლოა შენდამი ინტერესიც გაზრდილიყო. თუ გაქვს კარიერის გაგრძელების კონკრეტული ვარიანტები, ახალი წინადადებები?
– შემოთავაზებები იყო,  კონკრეტული გუნდებიდან კავშირზე ჯერ არ ვისაუბრებ, ამჟამად მე საბურთალოს ფეხბურთელი ვარ და ჩემი მომავალიც საბურთალოს უკავშირდება.

Share