ბოდიშსაც ვაჟკაცობა სჭირდება, ბატონებო! – Qomagebi.ge-ს პასუხი “თელავს”

ოფიციალურად: მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრია
დეკემბერი 31, 2021 16:29
უარი ტორპედოს – სიხარულიძის ახალი კლუბი ცნობილია
დეკემბერი 31, 2021 20:33

რამდენიმე დღის წინ Qomagebi.ge ვწერდით, რომ ფინანსური პრობლემები ეროვნული ლიგის რამდენიმე გუნდს ჰქონდა.

თბილისის “ლოკომოტივმა” უკვე ამცნო გულშემატკივარს, რომ უსახსრობის გამო, გუნდის ძირითადი ბირთვი იშლებოდა და ასპარეზობას შესუსტებული შემადგენლობით განაგრძობდა.

მალევე, ჩვენმა რედაქციამ სამწუხარო ინფორმაცია “თელავის” შესახებაც გაავრცელა. ჩვენდა სამწუხაროდ, გუნდის ოფიციალური პირების მხრიდან (განსაკუთრებით გამოირჩეოდა მათი პრეს-სამსახური) ჩვენზე მასირებული შეტევა განხორციელდა და ჩვენი კოლეგა მედია პორტალების საშუალებით, დეზინფორმატორები და გუნდის მტრები გვიწოდეს.

ჩვენი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ორიოდ დღეში ს.კ თელავმა, უკვე ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ იქამდე ვსაუბრობდით. გუნდს თელავის ძირითადი შემადგენლობის წევრები ტოვებენ.

თელავის დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში წერია: “მართალია, რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ სკ “თელავი” არ იშლება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ უდიდესი სურვილის და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით… დაბეჯითებით გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლუბი, ცხადია, არსებობას არ წყვეტს, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და თავისთავად, ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში!”.

ჩვენს გავრცელებულ ინფორმაციაში კლუბის არსებობის შეწყვეტა ნახსენებიც კი არ იყო. ვწერდით, რომ კლუბი ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებდა და რომ სეზონს ახალი შემადგენლობით დაიწყებდა. დღეს ეს თელავმა თავად დაადასტურა.

ჰო და, ბატონებო, ბოდიშსაც ვაჟკაცობა სჭირდება და იმედია, კახური გუნდის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც თითს გვიქნევდნენ, ამის გამბედაობა მაინც ეყოფათ.

და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რედაქციის მიზანი რომელიმე კლუბის წარუმატებლობა არ არის. პირიქით, ჩვენი მიზანი ქართული სპორტის, ქართული კლუბების წარმატებაა და თელავის წარმატებაც ისე გაგვიხარდება, როგორც ნებისმიერი სხვა კლუბის.

Share