სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა – ვის ტრანსფერებს უნდა ველოდოთ

“ნიკა, ბოდიში იმისთვის, რაც მოხდა” – კვიპროსული მედიის წერილი კაჭარავას
იანვარი 1, 2022 21:00
საქართველოს ხელბურთის ნაკრები შესარჩევ ეტაპს ფინეთის წინააღმდეგ დაიწყებს
იანვარი 1, 2022 23:14

დღეს, 1-ელ იანვარს ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, რომელიც თვის ბოლომდე იქნება ღია.

Qomagebi.ge გთავაზობთ რამდენიმე ფეხბურთელს, რომელთა ტრანსფერებს ქართველი გულშემატკივარი იანვარში განსაკუთრებულად ელის.

გიორგი ჩაკვეტაძე – ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ გენტში აღარ ენდობიან. ჩაკვეტაძემ ბოლოს 9 დეკემბერს ფლორას წინააღმდეგ ითამაშა კონფერენსლიგაზე, მას შემდეგ კი გენტის განაცხადს მიღმა რჩებოდა. ბელგიურ მედიაში ბევრი დაიწერა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მასზე იმედებს აღარ ამყარებს, ჩვენი გავრცელებული ინფორმაციით კი, დიდი ალბათობით, ზამთარში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი ახალ კლუბში უნდა ვიხილოთ.

ხვიჩა კვარაცხელია – არის შანსი, 2021 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იანვარში ახალი კლუბის რიგებში ვიხილოთ. გასული წლის ზაფხულს ხვიჩაზე ძალიან ბევრი დაიწერა, თუმცა რუბინმა შეთანხმებას ვერცერთ კლუბთან მიაღწია და კვარაცხელიაც რუსეთში დარჩა. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მასზე ჭორები ისევ გავრცელდა – ვესტ ჰემი, ევერტონი, ლიდსი, ტოტენჰემი და სხვები… თუ გასულ ზაფხულს რუბინი 20 მილიონ ევროს ითხოვდა, წელს, როგორც იწერება, ყაზანელები 15 მილიონ ევროზეც თანახმა არიან.

ირაკლი აზაროვი – 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. აზაროვს ბათუმის დინამოში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებშიც და ინტერესი მისდამი განსაკუთრებულია. ქართველი მარცხენა მცველის მომავალს ყველაზე მეტად ტრაბზონსპორს უკავშირებენ. მის ტრანსფერზე მუშაობს კრასნოდარიც.

ნიკა კაჭარავა – ქართველმა ფორვარდმა ანორთოსისი უკვე ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია. ნიკას მომავალს პოლონეთს უკავშირებენ, სადაც მას კარიერის განმავლობაში ნათამაშები უკვე აქვს, თანაც, ორჯერ: 2017-ში კორონაში, ხოლო 2020-ში – ლეხში.

ლაშა დვალი – ფერენცვაროშის 26 წლის მცველი დიდი ალბათობით კლუბს შეიცვლის. ამაზე ჩვენთან საუბრისას თავად ფეხბურთელმაც განაცხადა. მართალია, ფერენცვაროშს მწვრთნელი შეუცვალეს და ქართველმა მცველმა ბოლოს კლუბში 18 დეკემბერს ითამაშა, თუმცა ტრანსფერის შანსი მაინც დიდია. გავრცელებული ცნობით, დვალმა კარიერა შესაძლოა სლოვანში გააგრძელოს, რომელსაც ვლადიმირ ვაისი წვრთნის.

გიორგი წიტაიშვილი – კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მომავალს უკავშირებდნენ სლოვანს. წიტაიშვილი ჩერნომორეცში იჯარის წესითაა, ბოლო პერიოდში კი აქტიურად იწერება, რომ წიტაიშვილმა კარიერა შესაძლოა ბუქარესტის დინამოში გააგრძელოს.

Share