საშინაო ევრობასკეტი, პირველი მედლის მოლოდინი ზამთრის ოლიმპიადაზე-რას ველით 2022 წელს ქართულ სპორტში

ATP CUP – ხასიათის გამოსწორების შანსი, საქართველო პოლონეთს შეხვდება
იანვარი 2, 2022 13:12
ბასილაშვილი შეხვედრიდან მოეხსნა – საქართველო პოლონეთს პირველი ჩოგნის გარეშე შეხვდება
იანვარი 2, 2022 16:51

მოვილიეთ საკმაოდ წარმატებული ოლიმპიური წელი, რომელსაც თან ახლდა ძალიან ბევრი დადებითი ემოცია, დიდი სიხარული და სამწუხაროდ რამდენიმე დიდი იმედგაცრუებაც. 2022 წელს ახალი იმედებითა და მიზნებით ვხვდებით და იმედია შემდეგი წელი ქართული სპორტისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სპორტის იმ სახეობებს, რომლებსაც 2022 წელს დიდი იმედებით ველით.

2022 წლის იანვარი ძალიან დატვირთული და ისტორიული იქნება ქართული ფუტსალისთვის. გასულ წელს ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა და 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრონინგენში გამართავს. ჯგუფში “ჯვაროსნების” მეტოქეები: აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და ესპანეთი იქნებიან.

2021 წელი ტრიუმფალური იყო ქართული ძიუდოსთვის. ქართველმა ძიუდოისტებმა წელს 107 მედალი მოიპოვეს და მათ შორის 33 ოქროს მედალი. ოლიმპიადაზე მამაკაცთა 7 წონიდან ქართველებმა 4 ფინალი იჭიდავეს. 2022 წელს ახალი ოლიმპიური ციკლი და სალიცენზიო ტურნირები აიღებს სტარტს და ჩვენი ძიუდოისტებისგან მორიგ ოქროებს მედლებს ველით.

ძიუდოისტთა პირველი დიდი ტურნირი გაზაფხულში-ევროპა (29 აპრილი–1 მაისი) გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატს კი, 7-14 აგვისტოს ვიხილავთ.

იმედგაცრუების წელი გვქონდა ჭიდაობაში. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გენო პეტრიაშვილის ფინალის მონელება ალბათ კიდევ დიდხანს გაგვიჭირდება, მაგრამ იყო პოზიტიური და იმედისმომცემი ეპიზოდები, რომლებიც ამ, ჩვენთვის ტრადიციულ სპორტის სახეობაში, კარგ მომავალს გვიქადნის. ეს ახალგაზრდა ლერი აბულაძეა, რომელმაც უფროსების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის, 23-წლამდელებში კი, ოქროს მედალი მოიპოვა.

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი 28 მარტი-3 აპრილი გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატი კი, 10-18 სექტემბერს ჩატარდება.

2022 წელს პირველი ქამრის მოლოდინი გვაქვს UfC-ში. გიგა ჭიკაძე 16 იანვარს ლას ვეგასში კელვინ კატარს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთვევაში სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

4-20 თებერვალი პეკინი ზამთრის 24-ე ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე მერვედ წარსდგება. ქართველმა მოციგურავეებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და ზამთრის ოლიმპიადაზე ყველა დისციპლინაში, მათ შორის გუნდურ შეჯიბრშიც ვიქნებით წარმოდგენილნი და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედლის მოლოდინიც გვაქვს.

მთავარი სპორტული მოვლენა კი, რომელიც ჩვენ დედაქალაქში გაიმართება საკალათბურთო ევრობასკეტია. თბილისი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

დიდი იმედებით ველით ერთა ლიგასაც, რომელიც 2022 წლის ივნისს-სექტემბერში გაიმართება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი C დივიზიონის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც “ჯვაროსნების” მეტოქეები -ბულგარეთი, ჩრ.მაკედონია და გიბრალტარი იქნებიან.

Share