მეტრეველმა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს სეტი მოუგო, მაგრამ…

გოგა ბითაძე კორონავირუსით დაინფიცირდა
იანვარი 3, 2022 03:43
საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა
იანვარი 3, 2022 12:23

გამთენიისას, საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP CUP-ზე მეორე შეხვედრა გამართა. არგენტინასთან უშანსო მარცხის შემდეგ, საქართველო პოლონეთს დაუპირისპირდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში თავიდან განსაკუთრებულ ინტერესს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მსოფლიოს მეცხრე ჩოგნის პოლონელი ჰურბერტ ჰურკაჩის თამაში იწვევდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბასილაშვილი მატჩს ჩაეხსნა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის დავით კვერნაძის განმარტებით, ბასილაშვილმა დეკემბერში კორონავირუსი გადაიტანა და თავს არც თუ კარგად გრძნობს.

ბასილაშვილის ნაცვლად ჰურკაჩის წინააღმდეგ სათამაშოს ალექსანდრე მეტრეველი გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 571-ე ნომერია, მრისხანე პოლონელს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოუგო კიდეც, მაგრამ შემდეგ ჰურკაჩის უპირატესობა კლასში დიდი იყო და შეხვედრაც დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში კამილ მაიჩარზაკს დაუპირისპირდა და ორ სეტში (6:1,6:1) დამარცხდა. ბაკში მსოფლიო კლასიფიკაციაში 972-ეა. პოლონელი კი, 117-ე ადგილს იკავებს.

წყვილთა თანრიგში საქართველოს ნაკრებიდან ზურაბ ტყემალაძემ და ალექსანდრე ბაკშმა ითამაშეს, რომლებიც ვალკოვის და ზიელინსკის წყვილს დაუპირისპირდნენ. ქართულმა წყვილმა პლონელებს სეტიც მოუგო, მაგრამ ვეტი ვერაფერი შეძლო. და სამ სეტში (7:6; 2:6;6:10) დამარცხდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველო საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. განსაკუთრებულ ინტერესს ნიკოლოზ ბასილაშვილის და სტეფანოს ციციპასის შეხვედრა იწვევს, მაგრამ ამ მატჩში მიიღებს თუ არა საქართველოს პირველი ჩოგანი მონაწილეობას ამ ეტაპზე უცნობია.

Share