საგრძნობი წინსვლა რეიტინგში და სოლიდური თანხა – 2021 წელი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის

თბილისის “დინამოს” მეორე სპარინგ მეტოქეც ცნობილია
იანვარი 6, 2022 19:54
“რეალის” ვარსკვლავი აზაროვის ნაცვლად – ტრაბზონსპორის საინტერესო ნაბიჯი
იანვარი 6, 2022 20:32

2021 წლის დასაწყისში ნიკოლოზ ბასილაშვილის რამდენიმე ათეულ მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, ქართველმა ჩოგბურთელმა წელი თურქეთში დაიწყო, ანტალიის ტურნირზე ორი წრის გავლის შემდეგ დე მინორთან მარტივად დამარცხდა და გულშემატკივრებში ოპტიმიზმი კვლავ წარუმატებლობის მოლოდინმა ჩაანაცვლა.

ანტალიაში წარუმატებლობას, ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველივე წრეში მარცხი მოყვა, ქართველ ჩოგბურთელს არაფერი გამოსდიოდა, სათამაშო ხარისხი არაფრის მომცემი იყო.

წლის პირველი გამონათება ბასილაშვილმა ყატარში შემოგვთავაზა, დოჰას 250 ქულიანი ტურნირის პირველი ორი წრის გავლის შემდეგ მისი მეტოქე ლეგენდარული როჯერ ფედერერი იყო, ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი ლეგენდა სამ სეტში დაამარცხა და ამაღლებულ განწყობაზე ტურნირის მოგებაც მოახერხა.

გარდა დოჰას ტურნირისა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს მიუნხენში კიდევ ერთი 250 ქულიანი ტურნირი მოიგო, გავიდა ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში, ითამაშა ოლიმპიადის მეოთხედფინალში, სადაც მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა და რაც მთავარია 2021 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მასტერსის ფინალში გავიდა.

მიუხედავად ვერ მოგებული მასტერსისა 2021 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკმაოდ დიდი კარიერული წინსვლა განიცადა – წლის დასაწყისში 42-ე პოზიცია, წლის ბოლოს 22-ე თი შეიცვალა, ქართველმა ჩოგბურთელმა საერთო ჯამში გასულ წელს 1706 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, კონკრეტული წელი კი მე-17 ადგილას დაასრულა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს 1,588,530 $ გამოიმუშავა, მთლიანი კარიერის განმავლობაში კი მისი მონაგარი 7,356,331 $ შეადგენს.

2022 წელს, სავარაუდოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ბასილაშვილი ტურნირს და სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.

Share