“მოედანზე როცა გავდიოდი, მქონდა განცდა, თითქოს საქართველოს ვიცავდი”–მამუკა გორგოძე

[EXCLUSIVE] ტოპ ტრანსფერი! – გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
იანვარი 9, 2022 19:41
ჩაკვეტაძის “ალკმაართან” უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია
იანვარი 10, 2022 15:08

რაგბი სპორტის იმ სახეობას განეკუთვნება, რომელიც ქართველ ხალხს განსაკუთრებით უყვარს. ამ სპორტში კარგად ჩანს მებრძოლი ხასიათი, ჟინი და გამარჯვების წყურვილი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჩვენს ქვეყანას სწორედ მაშინ მოუტანა გამარჯვებები, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

გვყავს არაერთი მორაგბე, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისი ასპარეზზეც დიდი სახელი მოუტანეს და არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის ლეგენდებადაც მიიჩნევიან. მათ შორის გამორჩეული, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძეა.

მამუკა სარაგბო კლუბ “ლელოს” აღზრდილია. 2005-2014 წლებში “მონპელიეს” ღირსებას იცავდა. 2014 წლიდან იგი “ტულონს” შეუერთდა და ევროპულ საკლუბო რაგბიში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა თასიც მოიგო.

“გორგოძილამ” “ბორჯღალოსნებში” 2003-2019 წლებში ითამაშა და 4 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა Rugbypass-მა ქართველი დიდების დარბაზში შეიყვანა და ყველა დროის საუკეთესო 15-ეულში მოხვდა.

qomagebi.ge მამუკა გორგოძეს დაუკავშირდა და მას ქართული რაგბის დღევანდელ დღესა და მომავალზე ესაუბრა.

მამუკა, უპირველეს ყოვლისა, განვლილი 2021 წელი შევაჯამოთ. გასულ წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო. შეიქმნა პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი. შენი, როგორც ლეგენდარული მორაგბის აზრი, საინტერესოა “შავ ლომზე”...

ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ეს ნამდვილად განავითარებს ქართულ რაგბის და ფრენჩაიზის შედეგი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად დაეტყო ნოემბრის ტესტ მატჩებზე. “შავი ლომი” გაზრდის ნაკრებისთვის გარკვეულ პოზიციებზე მოთამაშეთა სიღრმეს და ნაკრების მოთამაშეებს საშუალებას მისცემს მუდმვივ ტონუსში იყვნენ.

საწყის ეტაპზე მეტად შეთამაშებისა და გამოცდილების მისაღებად ეს ტურნირი საკმარია, შემდეგ უკვე, როცა ამ ტურნირისთვის ზედმეტად გადავიზრდებით, საჭირო იქნება უფრო ძლიერ ტურნირზე ჩავერთოთ, რომელზეც ფავორიტები არ ვიქნებით. განვითარებისთვის აუცილებელია ჩვენზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ, რომ მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ.

ქართული რაგბი უკვე მივიდა იმ ეტაპზე, საიდანაც წინსვლა ძალიან რთულია. როგორ ფიქრობ, რა მიმართულებით სჭირდება საქართველოს ნაკრებს განვითარება და ასევე რას იტყვი ჩვენ ნაკრებში მიმდინარე აქტიურ თაობათა ცვლის პროცესზე?

ნაკრებს პროგრესისთვის რაც შეიძლება მეტი ტესტმატჩი სჭირდება ძლიერ გუნდებთან. მაქსიმალურად სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს, რადგან ახლა იმ ეტაპზე ვართ, საიდანაც პროგრესი ძალიან რთულია და წლები სჭირდება – უკუსვლა კი, საკმაოდ მარტივია. უმთავრესია იყოს მეტი კონკურენცია მორაგბეებს შორის, გაიზარდოს მათი სათამაშო დონე. ამისთვის უმნიშვნელოვანესია მეტი ყურადღება მიექცეს ბავშვთა რაგბის განვითარებას და მოხდეს მწვრთნელთა კარგი გადამზადება, რათა ახალ თაობასთან სწორი მუშაობა წარიმართოს. ეს ყველაფერი დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ აუცილებელია იმ ეტაპამდე მისასვლელად, რომ ტიერ 1-ის გუნდებზე მედგარი წინააღმდეგობა გავუწიოთ.

დღევანდელი რესურსიდან გამომდინარე, რა მიზანი უნდა დაისახოს საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გადაჭარბებული მოლოდინი არ შევიქმნათ და გულშემატკივარს არ ვაგრძნობინოთ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად გვაქვს, განვვითარდით და შეგვიძლია სენსაციების მოხდენა. მუდმივად განვითარებაზე უნდა ვფიქრობდეთ. უმთავრესი მიზანი იქნება შევეცადოთ ჩვენი რაგბის თამაშს. რეალობიდან გამომდინარე ერთი თამაშის მოგება დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება, მეორე მატჩის მოგება ფიჯისთანაა დაგეგმილი, მაგრამ ფიჯი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ტიერ 1-ის გუნდებს არაფრით ჩამოუვარდება და მათ წინააღმდეგ გამარჯვება ურთულესი და გმირობის ტოლფასი იქნება.

ბოლოს, თქვენ როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ლეგენდარული ქართველი მორაგბე, რას ეტყოდით ახალგაზრდა მორაგბეებს და რას ნიშნავს “ბორჯღალოსნების” კვართით საქართველოს სახელით თამაში?

“ბორჯღალოსნების” კვართით თამაში უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ესაა ჩვენი სამშობლოსთვის თამაში და მოედანზე როდესაც გავდიოდი, მქონდა განცდა, რომ ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვიყავი და საქართველოს და მის ღირსებას ვიცავდი. ამ გრძნობითა და შემართებით უნდა ითამაშოს ყველა მორაგბემ, რომელიც საქართველოს ნაკრების კვართს მოირგებს.

მათ გულშემატკივრების ამაგი უნდა დააფასონ, რომლებიც ამ გაჭირვების ჟამს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, სტადიონზე მოდიან და ბოლომდე გულმხურვალედ ქომაგობს საქართველოს ნაკრებს.

Share