“ჰოლანდიაში ტურისტებად არ წავალთ” – ავთანდილ ასათიანის ინტერვიუ

💥 TOP 10 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება
იანვარი 12, 2022 18:35
მარუშიჩი: “მინდა, შესაძლებლობები სხვა ჩემპიონატშიც დავამტკიცო, მაგრამ…”
იანვარი 12, 2022 19:15

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო-2022-ის D ჯგუფის პირველ მატჩს აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებასა და პირველ მატჩამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა azerisport.com-ის კითხვებს უპასუხა.

– მზად არის საქართველო მომავალი ტურნირისთვის?
– რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. სერბეთი სპარინგში სპეციალურად შეირჩა, რომ გუნდს დატვირთვა ჰქონოდა. ჩვენთან გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი. ლეგიონერებს სათამაშო დროც აქვთ. მთავარია, ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ, რადგან ეს ჩვენი სადებიუტო ტურნირია. აზერბაიჯანი ამ მხრივ ბევრად წინ არის. თქვენს გუნდს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

– შეძელით თქვენი მოწინააღმდეგის სრულად შესწავლა?
– აზერბაიჯანი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გუნდია. უამრავ თამაშს ვუყურეთ. ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ვუყურეთ მათ ბოლო ამხანაგურ მატჩებს უკრაინასთან.

– უკრაინასთან მატჩებმა ძირითადად მეტოქის სისუსტეები აჩვენა?
– დიახ, მაგრამ აზერბაიჯანს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ჰყავდა. სრული შემადგენლობით რომ ეთამაშათ, საერთო ანგარიში 1:9 არ იქნებოდა. ეს ხდება. ამხანაგურ თამაშებს კონკრეტული მიზნები აქვს. ანგარიში უკანა პლანზე გადადის. მათ ალბათ სხვა გეგმები ჰქონდათ თამაშთან დაკავშირებით. არ მინდა უკრაინის ნაკრების დაკნინება, მაგრამ ეს შედეგი ბევრმა წვრილმანმა გამოიწვია. ამის გარეშე ასეთი ანგარიში არ იქნებოდა. ჩემთვის აზერბაიჯანი უკრაინაზე ძლიერია. მიუხედავად მარცხისა, დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრებით ჩვენმა მეტოქემაც ისარგებლა.

– შეუძლია თუ არა საქართველოს აზერბაიჯანის ნაკრების დამარცხება?
– ვერ ვიტყვი, შეგვიძლია თუ არა. მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ეს მატჩი ჩვენთვის ისტორიულია. ჰოლანდიაში ტურისტებად არ წავალთ. ვეცდებით ჯგუფიდან გასვლას. ეს ჩვენთვის დიდი შედეგი იქნება. აზერბაიჯანთან პირველი თამაში ბევრს წყვეტს. ხოსე ალესიო ძლიერი მწვრთნელია და შეხვედრა რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩები 22, 26 და 29 იანვარსაა დაგეგმილი.

Share