უცხოური ვარიანტები, მოლაპარაკებები დინამოსთან – როგორ გადავიდა პაპუნაშვილი ტორპედოში?

ტორპედოს პირველი მეტოქე თურქულ შეკრებაზე ცნობილია
იანვარი 14, 2022 00:16
საფინა და ბერულავას წყვილმა ევროპის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა
იანვარი 14, 2022 00:36

რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად გაცნობეთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებდა, რაც დღეს კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გულშემატკივართა ნაწილი ამ ტრანსფერს კრიტიკულად შეხვდა. ნაწილი თვლის, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, ნაწილის აზრით კი “დინამოს” აღზრდილი მოთამაშე ქუთაისში არ უნდა წასულიყო.

პაპუნაშვილის ტრანსფერის თემებზე მის აგენტს, ლევან ზუხბაიას ვესაუბრეთ, რომელმაც ყველაფერი დეტალურად გვიამბო.

“პაპუნაშვილს აპოლონთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა. მან დამირეკა და მითხრა, რომ მწვრთნელისგან ნდობას ვერ გრძნობდა, უთამაშებელი იყო და სჯობდა, კონტრაქტი ვადაზე ადრე გაეწყვიტა, დიდ ხელფასზე უარი თქვა და გადაწყვიტა ისეთ გუნდში წასულიყო, სადაც ნდობა ექნებოდა და მის შესაძლებლობებს უკეთ გამოიყენებდნენ.

იყო შემოთავაზებები თურქული, პოლონური და უკრაინული გუნდებიდან. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. კომუნიკაცია მქონდა დინამოს პრეზიდენტ რომან ფიფიასთანაც, სადაც პაპუს დინამოში გადმოსვლის საკითხზე ის პოზიტიურად იყო განწყობილი, თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ ფიფიას მონდომება და განწყობა საკმარისი არ გამოდგა. რაც არ უნდა იყოს, დინამოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მათ უკეთ იციან მათთვის ამ ეტაპზე რომელი ფეხბურთელია უფრო მისაღები.

ამის შემდეგ უცხოურ გუნდებთან მოლაპარაკებები გავაგრძელეთ და  პარალელურად, ერთ-ერთ ისტორიულ უკრაინულ გუნდთან მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული, როცა ამ დროს დაგვიკავშირდა ტორპედოს ხელმძღვანელობა, რომელთაც თავიანთი ქმედითი ნაბიჯებითა და სურვილებით, ყველაფერი გააკეთეს, რომ პაპუნაშვილი ტორპედოში მისულიყო. რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებებში დიდი ფაქტორი ითამაშა გია ცეცაძემ და ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ. მათ დაგვარწმუნეს თავიანთი ხედვებისა და მიზნების ამბიციურობაში და ფეხბურთელს სრული ნდობა გამოეცხადა. მიუხედავად უცხოურ გუნდებთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა, ტორპედოს შემოთავაზებას დავთანხმდით.

ტორპედოში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი სულაც არაა, მათ დიდი გეგმები აქვთ, პაპუს მოტივი კი ისაა, რომ კლუბს ამ მიზნების განხორციელებაში დაეხმაროს. მისი წარმატებული თამაში კი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების წინაპირობაა.

აქვე მსურს მოგილოცოთ ახალი წელი და მინდა ეს წელი მთელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებული ყოფილიყოს”, – გვითხრა ზუხბაიამ.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილს ეროვნული ნაკრების მაისური 14-ჯერ აქვს მორგებული და 3 გოლი აქვს გატანილი.

Share