“ეს არ გადამითარგმნეს, მაგრამ მაინც გავიგე” – ინკუმმა ცეცაძე გააკრიტიკა

კონტრაქტის პირობები ცნობილია – დილა ბრაზილიელ შემტევს შეუთანხმდა
იანვარი 26, 2022 00:11
პროგრესი რეიტინგში – რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ გამარჯვების შემდეგ?
იანვარი 26, 2022 01:21

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთ ლეგიონერს უთამაშია, მათგან რამდენიმემ ქართული ფეხბურთის ერთგულ გულშემატკივარს კარგად დაამახსოვრა თავი…

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში თავისი წარსულითა და სათამაშო კლასით გამოირჩეოდა განელი მცველი სამუელ ინკუმი გახლდათ.

სამუელ ინკუმს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. მათ შორის, 2010 წლის მუნდიალზე, რომელიც განის ნაკრებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და გუნდმა 1/4-ფინალში ითამაშა, სადაც ურუგვაისთან დამარცხდა. ის შეხვედრა ყველას სუარესის მომენტის გამო ახსოვს, როდესაც ბოლო წუთზე “ელ პისტოლერომ” ბურთი ცარიელი კარიდან ხელით მოიგერია. ინკუმი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მაშინ სუარესმა ბურთი კარის შიგნიდან გამოიტანა და ის გოლი უნდა ჩათვლილიყო.

ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე სეზონი ევროტურნირებზეც ასპარეზობდა,  საქართველოში საფეხბურთო მენეჯერის გეგი კიკაბიძის ინიციატივით ჩამოვიდა. მან ორი სეზონი “სამტრედიასა” და ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში გაატარა. ფეხბურთელმა  ქუთაისური კლუბი და საქართველო გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

განელმა მცველმა ჩვენთან ტორპედოდან წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა.

“ტორპედოს საოცარი, გამაოგნებელი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი არასდროს დამავიწყდებიან და მუდამ ჩემს გულში იქნებიან. რთული პერიოდის მიუხედავად, ქუთაისელი გულშემატკივრები ყოველთვის გუნდის გვერდით იდგნენ და გუნდმა ეროვნულ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, დიდწილად სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.

განვლილი სეზონი გუნდისთვის რთული იყო, რამაც თავიდან კლუბის დატოვება გადამაწყვეტინა, მაგრამ მოვიდა ახალი სპონსორი დავით კერესელიძე საინტერესო გეგმებით და მეც დავბრუნდი “ტორპედოში”. აუცილებლად მინდა აღვნიშნო კახა ჩხეტიანის პროფესიონალიზმი. მისნაირი დისციპლინირებული და ინტელიგენტი მწვრთნელი ბევრი ნამდვილად არაა. საოცარია მისი საქმისადმი მიდგომა – მან გუნდში საოცრად მეგობრული გარემო ჩამოაყალიბა. თუმცა, არც თუ დამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ჩხეტიანს გუნდის დატოვება მოუწია და ახალი მწვრთნელი მოვიდა.

გია ცეცაძე ნამდვილად კარგი სპეციალისტია და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ  ფეხბურთელებთან პირველივე შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ლეგიონერებთან მუშაობა არ იყო მისთვის პრიორიტეტული და აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე გააკეთებდა. ეს თარჯიმნებმა არ გადაგვითარგმნეს, მაგრამ ქართული საკმაოდ ნორმალურად მესმის და გავიგე. ამ დროს მივხვდი, რომ ჩემი და “ტორპედოს” გზები გაიყო და მე კლუბი უნდა დამეტოვებინა.

დიდი მადლობა ქუთაისის “ტორპედოს” ყველაფრისთვის და მათ წარმატებებს ვუსურვებ” – გვითხრა სამუელ ინკუმმა.

Share